"ივანიშვილის მონებო, რა უნდა ჩემს შვილს ციხეში" - სინდისის პატიმრის დედა მანდატურებს

05.03.25 22:07
"ივანიშვილის მონებო, რა უნდა ჩემს შვილს ციხეში" - სინდისის პატიმრის დედა მანდატურებს

"ივანიშვილის მონებო, რა უნდა ჩემს შვილს ციხეში" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულ მანდატურებს, რომლებიც მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

რეჟიმის ტყვის მშობლის განცხადებით, სხდომათა დარბაზიდან "გამორეკეს" და იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ საკუთარი შვილისთვის პროცესზე მაინც ეყურებინა. 

თქვენი შვილები არ ცხოვრობენ ამ საქართველოში? რისთვის იბრძვიან ეგენი. ივანიშვილის მონებო. რა უნდა ჩემს შვილს ციხეში. დარბაზიდან გამოგკვრეკეს" - განაცხადა გიორგი ტერიშვილის დედამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარი შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს. 

ტერიტორიაზე პოლიციის გამოჩენამდე ხმაური იყო - პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებსა და მობილიზებულ მანდატურებს შორის ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ მანდატურებმა 15-მდე ადამიანს საქალაქოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რამაც სინდისის პატიმრების მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სინდისის პატიმრების პროცესზე ხმაური იყო - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს. 

სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს - რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები