პროკურორმა დაადასტურა, რომ პატიმრებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას არ ედავებოდნენ - მიგინეიშვილი

05.03.25 23:21
პროკურორმა დაადასტურა, რომ პატიმრებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას არ ედავებოდნენ - მიგინეიშვილი

 

 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიერ რეჟიმის 11-ივე ტყვის პატიმრობაში დატოვებას ოთხ კედელში გამომწყვდეული ახალგაზრდების ადვოკატები უკანონო გადაწყვეტილებად აფასებენ. 

მეტიც, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ ხალხის მიერ ხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, პროკურორმა დაადასტურა, რომ პატიმრებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას არ ედავებოდნენ.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო, დატოვა პატიმრობაში. საფუძვლები ისევ იგივე მიუთითა. რეალურად, როცა ხალხი გამოვიდა და მედიაც უკვე გამოსული იყო, პირდაპირ დაადასტურა პროკურორმა, რომ ჩვენ არ ვედავებით ამ ადამიანებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობასო, პირდაპირ თქვა, სიტყვა სიტყვით", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11-ივე ტყვე პატიმრობაში დატოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

ირაკლი შვანგირაძემ განაჩენი ადგილზე თათბირის შედეგად გამოიტანა. მისივე მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში იმის გამო დატოვა, რომ მათ მიერვე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

იქამდე კი, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა

სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს. რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.

ცნობისთვის, დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრობაში დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ მათი აღკვეთის გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები