სისხლიანი ანგარიშსწორება 14 გასროლით - კითხვები, რომელზეც გამოძიებამ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე უნდა უპასუხოს
სისხლიანი ანგარიშსწორება 14 გასროლით - ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, 58 წლის ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძილაური მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებას დუმილით შეხვდა.
ვინაიდან მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, გაურკვეველი დარჩა, ეთანხმება თუ არა ის წაყენებულ ბრალდებას.

პროცესზე ვრცელი სიტყვა ჰქონდა გახმაურებული მკვლელობის საქმის პროკურორს - საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 16 მარტს, 23:30 წუთზე, 50 წლის უძილაურმა თბილისის ცენტრში (ჭავჭავაძის 9 ნომერთან) ლევან ჯანგველაძისა და გია ჩადუნელის (მოკლული ბიზნესმენის მძღოლი) მიმართულებით 14-ჯერ გაისროლა.
ჰყავდა თუ არა თანამზრახველი ან დამხმარე გელა უძილაურს? - კითხვა "ტვ პირველის" რეპორტიორმა პროკურორ გია შაიშმელაშვილს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსვა.
ბრალდების მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ საკითხზე ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"პირველების" კორესპოდენტი დაინტერესდა, ეკეთა თუ არა მკვლელობაში ბრალდებულს სილიკონის ნიღაბი, როგორც ეს მედიაში გავრცელდა.
პროკურორის თქმით, ნიღაბთან მიმართებაში არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
რაც შეეხება ამოღებული აქვს თუ არა პროკურატურას სატელეფონო ანძის ჩანაწერები და დადგენილი აქვს თუ არა, ვის ესაუბრებოდა უძილაური ტელეფონზე სისხლიან ანგარიშსწორებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პროკურორი აცხადებს, როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია ექნებათ, სასამართლოს აუცილებლად მიაწვდიან.
უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა მოკვლის განზრახვით გასროლები. ვმუშაობთ ყველა შესაძლო საკითხზე. ბრალდებულის მხილება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში მოხდა საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ეს არის დათვალიერების ოქმები, ეს არის ნიმუშები, ეს არის უშალოდ ამოცნობის ოქმები და აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.
ნიღაბთან მიმართებაში ბრალდების მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება ტელეფონს, აღნიშნული არის საგამოძიოებო მოქმედებების განხორციელების მიმართულება, აღნიშნულზე ინფორმაცია როდესაც გვეცოდინება და გვექნება, წარმოვადგენთ სასამამართლოზე.
რა ვითარებაში, ვისთან ერთად, არსებობდა თუ არა დამხმარე ან თანამზრახველი, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს საქმის პროკურორი.
ყოფილ სპეცრაზმელს საკუთრ სასამართლო სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ მსჯელობას სასამართლო 13 მაისს გააგრძელებს.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 მარტს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.