"დინამო" ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა - განცხადება

17.08.24 14:05
"დინამო" ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა - განცხადება

"დინამო არენას" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციას მათგან ორი წერილი გაეგზავნა.

ადმინისტრაცია ამბობს, რომ პირველ წერილში ნათქვამი იყო, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა, ხოლო მეორეში წერილში დააზუსტეს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს მხოლოდ მეორე იარუსზე დაუშვებდნენ, რომელიც 41 ათასამდე მაყურებელს იტევს.

დინამოს ადმინისტრაციის წერილით ირკვევა, რომ სტადიონის ბოლო შემოწმებით, უსაფრთხობის სერტიფიკატი არ მოიცავს მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, სწორედ ამიტომ შესთვაზეს ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივა, რომ გამოეყენებინათ მხოლოდ მეორე იარუსი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს დინამო არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.

დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გავუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივარის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. 

შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა", - ნატქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ "პირველებმა" დინამოს მიერ ფედერაციისთვის გაგზავნილი ორივე დოკუმენტი მოიპოვა და ორივე გაუშვა საინფორმაციო ბადეში:

  • პირველ წერილში საუბარი იყო სტადიონის მზაობაზე, მეორე წერილში იყო კონკრეტიკა ტრიბუნების რაოდენობის გამოყენების შესახებ. ორივე წერილის შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია "ტვ პირველის" ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კითხვაზე, რატომ ტარდება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და არა დინამო არენაზე, განაცხადა: დინამო ვერ გვაძლევს სრულად სტადიონს, მხოლოდ II იარუსის გამოყენება არასერიოზულია.

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია და შესაძლოა მდგრადობის პრობლემები შეიქმნას.