როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი სუს-ის ხელში - რას ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი

იყო თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების პროცესში ჩართული რუსული და ბელორუსული სპეცსამსახურები? - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსული და ბელორუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, რა როლს თამაშობდნენ ისინი ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველისთვის ხელბორკილების დადების პროცესში.
"როდესაც ბაჩიაშვილი გამოვა და იტყვის თავის სათქმელს, მერე კიდევ შეიძლება ამ თემის გაშლა, თუ რეალურად რა როლი შეასრულა სუს-მა, როგორ დაეხმარა რუსეთის-ბელარუსის სპეცსამსახურები და როგორ მოხდა, რომ დაიძინა დუბაიში, გაიღვიძა თბილისში" - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს არ სჯერა იმ ვერსიის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში აიყვანეს. მისი თქმით, "ბაჩიაშვილისნაირი ადამიანების გადაცემა ხელიდან-ხელში ხდება".
მე დადასტურებული ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, დადასტურებულში ვგულისხმობ იმას, რომ ეს ადამიანები, როგორც ბელორუსიის, ასევე რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ნანახი ჰყავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ისინი უკვე ღიად არიან. აქამდე თუ დაფარვას და შენიღბვას აკეთებდნენ, დღეს აღარ სჭირდებათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტიტუშკების მმართველი არ არის, ეს არის დიდი მონსტრი, რომელსაც დიდი რესურსი აქვს.
როდესაც ბაჩიაშვილი გამოვა და იტყვის თავის სათქმელს, მერე კიდევ შეიძლება ამ თემის გაშლა, რეალურად რა როლი შეასრულა სუს-მა, როგორ დაეხმარა რუსეთის-ბელარუსის სპეცსამსახურები და როგორ მოხდა, რომ დაიძინა დუბაიში, გაიღვიძა თბილისში. (იყო თუ არა ბაჩიაშვილის დაკავებაში ჩართული რუსული და ბელორუსული სპეცსამსახურები? - ჟურნალისტი) ბაჩიაშვილის დაკავებაში არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ ამ ორი სახელმწიფოს სპეცსამსახურების როლს სუს-ში. მწვანე ზონაში იყო თუ არა ბაჩიაშვილი, საკითხავია. მე არ მჯერა." - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა.
ასევე ნახეთ:
- ცნობილია, სად არის გადაყვანილი გიორგი ბაჩიაშვილი
- გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების საფრთხე ემუქრება - Amsterdam & Partners
- „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი" - რაზე ისაუბრა დაკავებამდე "The Guardian"- თან გიორგი ბაჩიაშვილმა
- რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე
- როგორ მოხვდა ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში - კითხვები ბიზნესმენის "დაკავების" ირგვლივ
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.