გელაძე ამტკიცებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, რა თქვა გომელაურმა?

02.12.25 12:19
გელაძე ამტკიცებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, რა თქვა გომელაურმა?

 

 

შს მინისტრი გელა გელაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ე.წ. კამიტის შეძენა არასდროს მომხდარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მას კითხვა BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე დაუსვეს.  შს მინისტრის მტკიცებით, 2009 წელს ნამდვილად იქნა შეძენილი სხვადასხვა ნივთიერება, თუმცა ეს არ ყოფილა "კამიტი".  

გელაძე დღეს შეეცადა, მისი წინამორბედის მიერ გაკეთებული განცხადება აეხსნა. "ოცნების" შს მინისტრმა დღე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტებს "ჭორიკნები" უწოდა.

"ქართული ოცნების" მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებებს იყნებდნენ აქციების დასაშლელად. თქვა მხოლოდ ის, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც იყენებდნენ „კანონიერადაა ნაიყიდი“ სხვადასხვა მსხვილი კომპანიებისგან და „აპრობირებულია“ წამყვან ქვეყნებში.

გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუეა, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შსს-ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. 

სუსმა დაიწყო გამოძიება, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანია და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში, ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ საქართველოში არასდროს არ ყოფილა შესყიდული ე.წ. კამიტი. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, თუმცა არა „კამიტი“.

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებულის სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში,“ - განაცხადა გეკა გელაძემ.

ე.წ. კამიტის გამოყენება უარყო "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.  კობახიძე ამბობს, რომ "ნივთიერება კამიტე საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე". 

"ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა, ამაშია საქმე. BBC-იმ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. [...]  რა ნივთირება იყო გამოყენებული გიპასუხებთ შსს მინისტრი. ნივთიერება კამიტე საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე". - ამბობს კობახიძე. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.  

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების რესპოდენტი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა
 

მსგავსი სიახლეები