ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს - ექს-პროკურორის ადვოკატი მედიასთან საუბარს აანონსებს

29.12.25 15:20
ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს - ექს-პროკურორის ადვოკატი მედიასთან საუბარს აანონსებს

ოთარ ფარცხალაძე რომანოვს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. დიღმის მთავარ სამმართველოში  ამ წუთებში მისი ინტერესების დამცველი იმყოფება. გაგი მოსიაშვილს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მასალები უნდა გადასცენ.

რა რეაქცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი მოისმინა და დამნაშავედ გამოაცხადეს, ამას გაგი მოსიაშვილი არ ამბობს. 

საქმის მასალების გაცნობის გარეშე, რაიმეს თქმა არასწორია, ემსგავსება ჭორაობას, ჩვენ კი საჭორაოდ არ ვართ მოსული. ვისთანაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს. პირადად მე [შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება] ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ არანაირი შემხებლობა არ არსებობს, გაუკვირდება ნებისმიერ პირს აბსურდული ბრალი, აქიდან გამომდინარე მე თვითონ გაკვირვებული ვარ"- განაცხადა მოსიაშვილმა. 

 რაც შეეხება შს სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, სადაც ძმებ მიქაძეებსა და ფარცხალაძეზეა საუბარი, ადვოკატი ამბობს, რომ "ჭორაობა არ უყვარს". 

ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, მომეცით საშუალება, ავიდე საგამოძიებო უწყებაში. ინფორმაციის მიღების შემდეგ, თითოეულ თქვენთაგანთან კომუნიკაცია გვექნება. თავი შევიკავოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისგან. ბრალის წარდგენა ან ბრალდცებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა"- თქვა მან. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის  მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ , 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

 საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი -  მკვლელობის ორგანიზებაში ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის მთავარი მოწმე კოკა მორგოშია ადანასაულებს. მორგოშიას თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ლიკვიდაციის გეგმას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა.

ასევე ნახეთ: