ორი კომუნიკაცია თბილისსა და კიევს შორის ბოლო ერთ კვირაში - ექსპერტი 3 შესაძლო მიზეზს ასახელებს

07.05.26 11:53
ორი კომუნიკაცია თბილისსა და კიევს შორის ბოლო ერთ კვირაში -  ექსპერტი 3 შესაძლო მიზეზს ასახელებს

 

 

ორი კომუნიკაცია თბილისსა და კიევს შორის ბოლო ერთ კვირაში - იწყება თუ არა ზელენსკის მთავრობასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი. 

"პირველებთან" ლიდერების კომუნიკაციის შესაძლო მოტივაციაზე „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა. 

ექსპერტი ასახელებს სამ შესაძლო მიზეზს, როს გამოც კიევს თბილისთან ურთიერთობა სჭირდება. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩეჩელაშვილი დარწმუნებულია, რომ ზელენსკისთან და მის მთავრობასთან კომუნიკაციის გადაწყვეტილებას, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ დათანხმდებოდა. 

როდესაც ვფიქრობ, რა იყო უკრაინელების მოტივაცია, ამისთვის, ჩემთვის სამი კომპონენტი გამოვყავი. პირველი ის, რომ უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა, შესაბამისად, მის ინტერესებში არის ნებისმიერი, თუნდაც თეორიული, რუსეთის მიერ სანქციების არიდების არხების აღკვეთა. 

მეორე: უსათუოდ აინტერესებს, საკუთარი მოქალაქის, ბატონი მიხეილ სააკაშვილი მაქვს მხედველობაში. 

მესამე: ვფიქრობ ეს კონტაქტი იყო შეთანხმებული ევროპელებთან, ევროპის კავშირთან, იმიტომ რომ ევროპასაც ალბათ არ აძლევს ხელს ის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის ჩამოყალიბებული საქართველოსთან. რაც შეეხება ქართული მხარის ინტერესს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, ამისთანა სტრატეგიული გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებდა. ეს უსათუიდ შეთანხმებული იყო, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, ეს არის რუსეთის გარკვეული გავლენის პოტენციალის საქართველოსა დარეგიონზე გადააზრების შედეგი, ვინაიდან, მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს იმას, რომ რუსეთის პოტენციალი და გავლენები, სერიუოზულად იკვეცება"- აცხადებს ჩეჩელაშვილი. 

ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს. 

6 მაისის საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ცნობა, სადაც საუბარი იყო, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.

უკრაინის საგარეო უწყება, თავის მხრივ, წერს, რომ სიბიჰამ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოხარულია მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგის გაგრძელებით. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 4 მაისს ერევანში  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. 

კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე, ორი ლიდერის საუბრის დეტალები მედიის ინტერესის სფეროდ რჩება, თუმცა დეტალების შესახებ თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ საუბარი არ ისურვა. კომუნიკაციის დეტალებზე არაფერს წერს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიც.