ორბანის დამარცხებამ "ოცნებას" კიევთან დიალოგისკენ უბიძგა - გია ჯაფარიძე
კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე, ბოლო ერთ კვირაში ორ კომუნიკაციას დიპლომატი გია ჯაფარიძე "პირველებთან" აფასებს.
მისი თქმით, უნგრეთის არჩევნებში "ოცნების" მოკავშირის, ვიქტორ ორბანის დამარცხებამ, სავარაუდოდ ივანიშვილის გუნდს უბიძგა დათანხმებულიყო უკრაინის ინიციატივას, დაიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით.
დიპლომატი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" კიევთან აღდგენილ ურთიერთობებს, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობების აღსადგენად გამოიყენებს.
როგირც ჩანს, ორბანის მარცხმაც და შეიძლება ასევე, შეცვლილმა საერთაშორისო ვითარებამ, "ქართულ ოცნებას" უბიძგა, დათანხმებულიყო უკრაინის მხრიდან ინიციატივას, რომ დიალოგის ფორმატი აღდგენილი იყოს. ჩემი ვარაუდით, "ქართული ოცნება" შეეცდება, უკრაინასთან დიალოგის აღდგენა და თავად უკრაინა, გამოიყენოს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობების აღსადგენად" - თქვა დიპლომატმა.
ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს.
6 მაისის საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ცნობა, სადაც საუბარი იყო, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
უკრაინის საგარეო უწყება, თავის მხრივ, წერს, რომ სიბიჰამ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოხარულია მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგის გაგრძელებით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 4 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე, ორი ლიდერის საუბრის დეტალები მედიის ინტერესის სფეროდ რჩება, თუმცა დეტალების შესახებ თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ საუბარი არ ისურვა. კომუნიკაციის დეტალებზე არაფერს წერს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიც.