რატომ ფარისევლობთ, რატომ არ არის 3 წლის ბავშვის მამა თავისუფალი? - ადვოკატი
რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული 22 წლის დანიელ მუმლაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს.
ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ 3 შვილის მამა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა შეწყალებაზე ან დარჩენილი წლების პირობითად ჩათვლაზე უარს იღებენ.
ადვოკატი გუშინ, 12 მაისს, პატრიარქის ინტრონიზაციის პარალელურად "ქართული ოცნების" ლიდერების "მონანიებაზე" გაკეთებულ განცხადებას ეხმიენება და განცხადების ავტორებს "ფარისევლობაში" ადანაშაულებს.
- სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე - შალვა პაპუაშვილი
- პატიმრების მხრიდან მონანიებაზე მიანიშნა გუშინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემაც
გუშინ, 12 მაისს, პატრიარქის ინტრონიზაციის პარალელურად, ათეულობით განცხადება მოვისმინეთ პატიმრების შეწყალებას წინ რომ აღიარება და მონანიება უნდა უძღოდეს.
3 წლის ბავშვის მამა 22 წლის დანიელ მუმლაძე 2024 წელს დააკავეს აქციების კონტექსტში, კამერების დაზიანების ფაქტზე.
დანი გამოძიებაში აღიარებით გამოცხადდა. მტკიცებულებები უდაოდ გავხადეთ და სასამართლოს ვთხოვეთ სასჯელის 1/3 ჩაეთვალა პირობითად.
უარი მივიღეთ.
განაჩენის გამოცხადების დღიდან დანის ოჯახი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს ლამის თვეში ერთხელ.
ყოველთვის უარია.
რატომ იტყუებით?
რატომ ფარისევლობთ?
რატომ არ არის დანი თავისუფალი? - წერს ფურცელაძე.
2024 წლის დეკემბერში აქციაზე კამერების დაზიანებისთვის დაკავებული დანიელ მუმლაძის და გურამ ხუტაშვილის 3-3 წლით პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში 2025 წლის 3 ნოემბერს დატოვა. განაჩენი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ გამოაცხადა.
შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.
კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 ივნისს მიუსაჯა.განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოიტანა.
ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.