რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქო
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი კამერების წინ ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება. მისი თქმით, "რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ როტაციას ერთადერთ მიზეზი აქვს: რეგიონებში ადგილობრივ ლიდერებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ, რის გამოც საქმეში მდინარაძის ჩართვა გახდა საჭირო
ჩემი აზრით, ეს [მამუკა მდინარაძის მოშორება] ოპონენტების სურვილია, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მისი მუშაობის სტილს და უნარ-ჩვევებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ მამუკა მდინარაძე აღარ იყოს ჩვენი გუნდის ლიდერი.
რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ. რეგიონებში გამოწვევები არის და ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებულია მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, რიგ შემთხვევებში, თანამდებობის პირები საკუთარ თავზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დროში დასაჩქარებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია რომ მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი რეგიონების მუშაობა“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.
ასევე ნახეთ:
- არ იციან, რა უყონ მდინარაძეს - "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა სამთავრობო ცვლილებებს "უნიჭო კარუსელი" უწოდა
- ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია
- სოფელში გაგზავნილი გამოუსადეგარი ნივთი - კუპრაძე მამუკა მდინარაძეზე
- მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა - ანა ბუჩუკური
- ოპოზიცია ასახელებს შესაძლო მიზეზებს, რატომ "მოიძულა ივანიშვილმა მდინარაძე"