"უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა ღარიბაშვილს" - ირმა ინაშვილი

03.09.26 13:17
"უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა ღარიბაშვილს" - ირმა ინაშვილი

 

 

ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შეკითხვები იმ ადამიანებს უნდა დაუსვან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა და ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ურჩევდნენ საქმეს. 

ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ  გამოსაკითხ პირთა წრეში სწორად არ არის შერჩეული. მისი თქმით, ის ლაზარე ჯორბენაძეს პირადად არ იცნობდა, მისი ინტერვიუ წაკითხული აქვს, ხოლო თვითმკვლელობის შესახებ ინტერნეტიდან მოგივანებით შეიტყო. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი აღნიშნავს, რომ მას დაებადა კითხვა - "როგორ მოხდა, რომ აღმსარებელმა და მაზიარებელმა ადამიანმა მოიკლა თავი?" - "თუ ამ კითხვის დასასმელად მივდივარ პროკურატურაში, კი ბატონო, მივალ". 

არ მგონია მე სწორად ვიყო შერჩეული გამოსაკითხ პირთა წრეში. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შეკითხვები ღარიბაშვილმა დაუსვა მდინარაძე-კობახიძეს. უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა ღარიბაშვილს და ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ურჩევდნენ საქმეს, იდგა თუ არა ღარიბაშვილი ამ ინტერვიუს უკან, ეს ხალხი უნდა დაიკითხოს პირველ რიგში. 

კვლავ ვიმეორებ, მე პირადად არ ვიცნობდი ლაზარე ჯორბენაძეს, "ასავალ-დასავალში" მაქვს წაკითხული ჩვენი კოლეგის, დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ მასთან, ინტერნეტიდან გავიგე, რომ შემდგომ უკვე თავი მოიკლა ლაზარე ჯორბენაძემ და ნამდვილად მაქვს კითხვა, რასაც საჯაროდ ვსვამ - როგორ მოხდა, რომ აღმსარებელმა და მაზიარებელმა ადამიანმა მოიკლა თავი? თუ ამ კითხვის დასასმელად მივდივარ პროკურატურაში, კი ბატონო, მივალ.

ჩემთვის გაუგებარია ისიც, რატომ მოხვდა "ობიექტივი" ღარიბაშვილის წერილში, ვინაიდან როგორც მე გავარკვიე, "ობიექტივი" ლაზარე ჯორბენაძის თემას აქტიურად არ აშუქებდა, შეიძლება რომელიმე საავტორო გადაცემაში იყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აქტიური გაშუქება ამ თემის არ ყოფილა. 

მოკლედ, პროკურატურის მხრიდან, პირიქით, მე ველოდები მეტ მტკიცებულებას და დასაბუთებას ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემაზე და კითხვა რატომ დაგებადა - ამის გამო უნდა გამოგკითხოთო, ასე ეს კითხვა საზოგადოების უმრავლესობას დაებადა და გამოკითხონ მაშინ ათასობით ადამიანი," - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ამავე თემაზე: 

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.  

მსგავსი სიახლეები