სირცხვილია, მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები - პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს
ქალი დეპუტატების მიმართ "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტი გმობს და სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს. პრეზიდენტი "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან გამოთქმულ განცხადებებს უხამსობად აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სიტყვები, რომელიც სხდომათა დარბაზში ისმოდა, მთელ პარლამენტს შეურაცხყოფს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს სწრაფი რეაგირებისა და მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.
მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.
მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.
მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!" - აცხადებს პრეზიდენტი.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.
ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს. ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ტოვებს თუ არა თანამდებობას.