ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს, მნიშვნელობა არ აქვს რა იყო წინაპირობა - წილოსანი
"ქართული ოცნების" წევრების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს გმობს მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი.
წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი თანაგუნდელების მხრიდან ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას და კრიტიკის ამ ფორმას გმობს.
დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა," - წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.
ოპოზიცია ირაკლი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს. ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ტოვებს თუ არა თანამდებობას.