მელია: "ოცნება" ყოველდღე აანონსებს რეპრესიებს, მათ არაფერი გარდა ამისა, პოლიტიკურ შეიარაღებაში არ დარჩენიათ
"ქართული ოცნება ყოველდღე აანონსებს რეპრესიებს, მათ არაფერი გარდა ამისა, პოლიტიკურ შეიარაღებაში არ დარჩენიათ,“ - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია აკეთებს.
მელია ეხმაურება სახელისუფლებო ძალის მიერ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ დაანონსებულ რეპრესიებს, ვინც რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ რეესტრში არ გეგმავენ დარეგისტრირებას და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. მელია რეპრესიების გაგრძელებას ელის.
მომდევნო თვის განმავლობაშიც ჩვენ მზად ვართ, რომ ხელისუფლების ეს ძალადობრივი შემოტევები, ერთი მხრივ, იქნეს ჩვენი მხრიდან მოგერიებული, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, არ დავკარგოთ მორალური უპირატესობა და კიდევ უფრო მეტად ვაჩვენოთ კონტრასტი ყველა მიმართულებით ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნება ამ არჩევნებს ვერ მოიგებს,“ - ამბობს ნიკა მელია.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.
ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ რუსულ კანონს ისინი არ დაემორჩილებიან და ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ისევ გააგრძელებენ.