პრეზიდენტს აინტერესებდა, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას - გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ათონელის რეზიდენცია რამდენიმე წუთის წინ დატოვა - როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 2024 წლის არჩევნები განიხილეს.
კერძოდ, ეკა გიგაურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს აინტერესებდა, თუ როგორ იქნებიან სადამკვირვებლო მისიები ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში.
"გვკითხა, თუ რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას" - ამბობს ეკა გიგაური.
ამასთან, TI-ის დირექტორის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ანტიკორუფციული ბიუროს როგორც თავდაპირველ, ასევე საბოლოო გადაწყვეტილებასაც.
ჩვენ ვისაუბრეთ სადამკვირვებლო მისიაზე. იცით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აკვირდება კოალიციურად 26 ოქტომბრის არჩევნებს. ჩვენს სადამკვირვებლო მისიას ჰქვია "ჩვენი ხმა", შესაბამისად მას აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას.
ასევე, აინტერესებდა ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხები.
პრეზიდენტი არის მზად, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა. ამ ყველაფერში იგი კონკრეტულ როლს შეასრულებს. თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან აქტიური, მათ შორის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი.
ის, რასაც აქამდე აკეთებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო არასწორი. მე ვიცი, რომ ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება სპეცსიებთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, ზუსტად არ წამიკითხავს, მაგრამ როგორც ჩანს, ცდილობენ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას", - ამბობს ეკა გიგაური.
პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში კონსულტაციები დაიწყო - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა.