ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია ივანიშვილს და რუსეთს უკან დახევას აიძულებს - სამადაშვილი

14.11.24 13:20
ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია ივანიშვილს და რუსეთს უკან დახევას აიძულებს - სამადაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია "ქართულ ოცნებას" უკან დახევას აიძულებს.

დიპლომატი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაჟღერებული მწვავე გზავნილებს აფასებს და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. 

დღეს შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დღის წესრიგში დადგა უკვე არსებული ფორმატების, როგორიც არის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა არჩევნების სახით, მიმართული იყო სწორედ ქართველი ხალხის ევროპული მომავლის გასაუქმებლად. ვემზადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომისთვის მომავალ კვირას, ვემზადებით ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისი ტექსტისთვის, რაც შექმნის იმ ზეწოლას ივანიშვილზე, რომელიც ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტთან ერთად რუსეთს უკან დახევას აიძულებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა პოლიტიკური ტრიბუნიდან მწვავე გზავნილები გააჟღერეს.

ამასთან, ცნობილია, რომ საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები