საღებავის შესხმის გამო დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა - ოპოზიცია კირთაძის მიმართ შურისძიებაზე საუბრობს
საღებავის შესხმის გამო დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ოცნება" ახლა დავით კირთაძის დაშინებას ცდილობს.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალზე საუბრობს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმები გამოძებული არ არის, დავით კირთაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსამართლობაა.
მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მაშინ, როდესაც დაუსჯელი არიან ადამიანები, ვინც ძალადობდნენ ოპოზიციონერ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და მოქალაქეებზე, ვინც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, - ამბობს ბოკუჩავა.
"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ დავით კირთაძეს კალანდარიშვილისთვის სხუელის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კირთაძის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს.
პროტესტის ფორმები არსებობს სხვადასხვა, მათ შორის, რადიკალურიც, მიუხედავად იმისა, ვის გემოვნებაში შეიძლება, ეს ჯდებოდეს. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, როგორც მინიმუმ, სხეულის დაზიანებისთვის უნდა არსებობდეს განზრახვა სხეული დაზიანების. რაც არ უნდა იყო სამართლებრივი მხარე, როგორც მინიმუმ, ფაქტია, რომ კირთაძის წინააღმდეგ იქნება აუცილებლად შურისძიება. ქვეყანაში რომ შერჩევითი სამართალი არსებობს, ეს პატარა ბავშვისთისაც ცნობილია უკვე. არ მგონია, რომ ვინმეს დავიწყებოდა, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში სულ რარაც რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, რუსული კანონის დემონსტრაციების პერიოდში, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, - ამბობს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს გუშინდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.