კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას კობახიძე "მძიმე ინციდენტს" უწოდებს
კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას ირაკლი კობახიძე "მძიმე ინციდენტს" უწოდებს. პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები "ძალადობრივი აქტის" მიმართ აჟიტირებას გამოხატავდნენ.
რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს. ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტები მხრიდან ძალადობრივ აქტზე.
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული, ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს გუშინდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.