ერთმა მუჭმა ადამიანებმა გამოგვიცხადეს, რომ თურმე, ჩვენი ევროპული მისწრაფებები არაფერს ნიშნავს - ქადაგიძე
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ ევროპული მომავლის მცველებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე შეუერთდა - როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, ახლა საუბარი არა პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ ეროვნულ თავმოყვარეობას ეხება.
"ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია, როდესაც ერთმა მუჭმა ადამიანებმა ოლიგარქიის ხელმძღვანელობით გამოგვიცხადა, რომ თურმე, ჩვენი ევროპული მისწრაფებები არაფერს არ ნიშნავს" - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან მისივე განმარტებით, პროტესტი არის სწორედ ის ერთადერთი გზა, რომლითაც "რუსული ხელისუფლების" დასრულება შესაძლებელია.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი. ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია, როდესაც ერთმა მუჭმა ადამიანებმა ოლიგარქიის ხელმძღვანელობით გამოგვიცხადა, რომ თურმე, ჩვენი ევროპული მისწრაფებები არაფერს არ ნიშნავს. ახლა არის ერთადერთი რამის დრო, ერთიანობის, ჩვენი ბრაზის კონცენტრირების, ორგანიზების დრო. უნდა გამოვიდეთ ათასი, 10 ათასი და როცა ასი ათასობით გამოვალთ დავასრულებთ ამ ხელისუფლებას. ეს არის ერთადერთი გზა. ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად.
ეს არის რუსული ოცნება, რომელიც უკვე ღიად გვიცხადებს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროატლანტიკური მისწრაფება. თურმე, ტყუილად მოხდა 9 აპრილი, მილიონი სხვა აჯანყება. თურმე, ტყუილად მოხდა, რომ 200 წელია რუსულ იმპერიალიზმს ვებრძვით. ნურას უკაცრავად, ტყუილია ეს ყველაფერი", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან, ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.