"მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონოა" - ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იზოლატორში რჩებიან

05.12.24 12:00
"მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონოა" - ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იზოლატორში რჩებიან

''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წევრები, დიღმის იზოლატორში რჩებიან. 

''ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის'' პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, დაკავებულების მიმართ "მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონოა.

გუშინ მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა ხუთი ჩვენი თანამებრძოლი. ხუთივეს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ იქნა ჩატარებული „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, იყო აბსოლუტურად უკანონო. უგულებელყოფილი იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, არ მოხდა როგორც სასამართლოს და მოსამართლის განჩინების წარდგენა, ისე მოწმეების დასწრება. აქედან გამომდინარე კანონიერ მოთხოვნაზე - დაუმორჩილებლობაზე საუბარი არის უბრალოდ სასაცილო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მალე თავისუფლები იქნებიან და გააგრძელებენ ჩვენთან ბრძოლას ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისათვის.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

იგორ ნარმანია კი დაკავებების სერიას რუსული სპეცოპერაციას უწოდებს და ამბობს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ასბურდული ბრალით არიან დაკავებულები. 

ის რაც ჩატარდა ჩვენი ახალგაზრდულის ოფისში არის რუსული სპეცოპერაცია და ამას თავისი სახელი აქვს. კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სპეცოპერაცია და დადეს იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ თაბუკაშვილის პოლიციიდან 5-10 მეტრში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვინმეს რამე შეენახა. დამნაშავეები, ჩამდებები, კრიმინალები არიან თვითონ, რაზეც ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი, უბრალოდ ეს ადამიანები, ვინც ეს დაუკვეთა, განახორციელა, დაამზადა, იქ დადო, არიან დამნაშავეები, კრიმინალები, არანაირად არ არიან ქართული პოლიციის წარმომადგენლები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან რუსულ რეჟიმს, ამიტომ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი. რაც შეეხება რუსულ ოცნებას, მათ აქვთ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის - ხარებას იმედი და ხარებას იმედად დგას და ხარებას იმედად ყოფნა რას უნდა ნიშნავდეს კარგად უნდა ხვდებოდეთ.

რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ ჩვენი თანამებრძოლები დაეშინებინათ, თუმცა ბრძოლა გრძელდება როგორც ამ ბიჭების, ისე სხვების თავისუფლებისთვის. ვერავის ვერ შეაშინებენ ამ ჩადების პოლიტიკით და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში დაკავებულები არიან აბსურდული ბრალდებების შეთითხნით პატრიოტების მიმართ.“- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წევრებს ბრალი 173-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც პოლიციელის ადმინისტრაციულ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ,  გუშინ  4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს. 

მსგავსი სიახლეები