ჩხრეკების სერია ოპოზიციური პარტიების ოფისში - რას ამბობს კობახიძე
ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკების სერიასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ.
საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, "გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ პარტიული ოფისები ძალადობის მთავარი წყარო იყო და "ნაცმაიდანის" უკან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული პარტიები იდგნენ".
ივანიშვილის გუნდის ლიდერი "დაიტოვეს" რევოლუციონერ ჯგუფად აცხადებს.
ამასთან, ირაკლი კობახიძე იმასაც ირწმუნება, რომ "ძალადობის აღკვეთას რამდენიმე დღე დასჭირდა, თუმცა ხელისუფლება კანონის აღსრულებამდე კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა".
ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ, საბოლოო ჯამში, ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში. სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდან. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს. არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ძალადობენ და საბოლოო ჯამში, მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას.
საბოლოოდ დადასტურდა, გუშინდელ დღეს, რომ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები. იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით. როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე, დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოქმედებდნენ.
ასევე, იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი „დაიტოვე“. აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს უკრაინაშიც კი სტუმრობდა. აქაც არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩავარდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა