რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

21.01.25 14:20
რეზო კიკნაძემ  მზია ამაღლობელის მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

რეჟიმის ტყვემ, რეზო კიკნაძემ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

კიკნაძის გადაწყვეტილების შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი "ტვ პირველთან" საუბრობს. 

ავსაჯანიშვილი ფლობს არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ შიმშილობის დაწყებას სხვა პატიმრებიც გეგმავენ. 

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. როგორც მედიამენეჯერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

მზია ამაღლობელი ბათუმში 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმის  მუხლით ასამართლებენ. (მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.

რაც შეეხება 26 წლის რევაზ კიკნაძის საქმეს, ახალგაზრდა კაცს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალებით დგინდება, რომ საქმეში არაერთი დარღვევაა. 

რეზო კიკნაძე დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. პროევროპული აქციების მონაწილეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.