ჩასაფრება TV პირველთან - ომბუდსმენი ფაქტის შესწავლას იწყებს
ომბუდსმენის აპარატი "ტელეკომპანია პირველის" ტერიტორიაზე მომხდარი ჩასაფრების ფაქტის შესწავლას დაიწყებს - ლევან იოსელიანი გომელაურის უწყების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
მიუხედავად საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ 112-ში განხორციელებული არაერთი ზარისა, საპატრულო პოლიციას არანაირი მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია.
ის შემთხვევა, რაც მოხდა თქვენთან მიმართებით, ამის შესწავლას დავიწყებთ. პასუხისმგებლობაზე არის აქ საუბარი. როდესაც პოლიციას იძახებ და არ მოდის, ეს ცალსახად არის პოლიციის პასუხისმგებლობა და ამაზე უნდა გვქონდეს პასუხი, რატომ არ მოვიდა პოლიცია, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიამ რამდენჯერმე განახორციელა ზარი ამის შესახებ. ჩვენ შევეცდებით, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც გვექნება ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება. ერთ-ორ დღეში ვერ ვახერხებთ ინფორმაციის მობილიზებას და შემდეგ უკვე წარდგენას", - ამბობს ომბუდსმენი.
ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.
გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.
"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.