ნაკრების ფეხბურთელებმა სასტუმრო დატოვეს - სპორტსმენებმა ადგილზე შეკრებილ გულშემატკივრებს ტაში დაუკრეს

02.07.24 00:05
ნაკრების ფეხბურთელებმა სასტუმრო დატოვეს -  სპორტსმენებმა ადგილზე შეკრებილ გულშემატკივრებს ტაში დაუკრეს

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სასტუმრო დატოვეს - სპორტსმენებმა ადგილზე შეკრებილ გულშემატკივრებს ხელი დაუქნიეს და მადლობის ნიშნად ტაში დაუკრეს.

ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამხნევებას აგრძელებენ - გერმანიის ქალაქ ველბერტში სპორტსმენების სასტუმროსთან შეკრებილი მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და კვირის მთავარ გმირებს ოვაციებით ემშვიდობებიან.

როგორც ქომაგი ამბობს, გულშემატკივრების ხმამ ფეხბურთელებამდე მიაღწია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ სასტუმროს გარეთ მყოფ ადამიანებს ხელი დაუქნიეს.

რამდენიმე წუთის წინ, გულშემატკივრებს გურამ კაშია, გიორგი ქოჩორაშვილი და მთავარი ექიმი შეხვდნენ, რომლებმაც ქომაგებთან ფოტოები გადაიღეს და მათ ავტოგრაფი მისცეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება.

2 ივლისს, 21:30 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს.

ნაკრების ცნობით, ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს და საბოლოო დანიშნულების ადგილი თავისუფლების მოედანი იქნება.