ადვოკატი: ნიკა გვარამია მხნედ არის - ყველას მოუწოდებს, ბრძოლა მტკიცედ გააგრძელონ
ნიკა გვარამიას დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რომელი მუხლით არის დაკავებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.
უფლებადამცველის განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ, 6 დეკემბერს, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სასამართლო სხდომაზე გადაიყვანენ და სწორედ იქ გახდება ცნობილი, რას ედავებიან მას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი მხნედ არის - "დამაბარა მეთქვა, ყველას მოუწოდებს, რომ გააგრძელონ ბრძოლა მტკიცედ და მოთმინებით".
ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ოფიციალურად არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული. ვიცით, რომ არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ ჩაბარებია, ამიტომ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა მუხლით არის დაკავებული, არ ვიცით. ველოდებით, რომ ხვალ უკვე გადაიყვანენ სასამართლოზე და იქ უკვე დეტალურად გავერკვევით, რა მუხლით არის დაკავებული და რას ედავებიან, ამის შესაბამისად წარვადგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. მხნედ არის და დამაბარა მეთქვა, ყველას მოუწოდებს, რომ გააგრძელონ ბრძოლა მტკიცედ და მოთმინებით. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სისტემას სულ რამდენიმე დღე დარჩა და მისი მოწოდებაა, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- "ახლების" ოფისში პოლიცია შევიდა
- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია "დროას და გირჩის" ოფისშიც შევიდა
- "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ''ძლიერი საქართველოს'' ორი წევრი დააკავეს
- "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა