მზია ამაღლობელის საქმე - "პირველებმა" ირაკლი დგებუაძის ჩვენება მოიპოვა

13.02.25 15:20
მზია ამაღლობელის საქმე - "პირველებმა" ირაკლი დგებუაძის ჩვენება მოიპოვა

 

 

"მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და ყურზე აღმენიშნებოდა სიწითლე" - ეს არის ციტატა ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.

აჭარის პოლიციის უფროსი, რომლის მითითების საფუძველზეც დააკავეს გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, თავისივე უწყების თანამშომლებს ჩვენებაში ეუბნება, რომ ქალის მიერ სილის გაწვნის გამო ტკივილი განიცადა. 

მას შემდეგ, რაც დავასრულე მზია ამაღლობელთან და მის გვერდით მყოფ ქალბატონთან საუბარი შევბრუნდი აქციის მონაწილეების მიმართულებით, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, მივბრუნდი მისკენ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა მარცხენა ხელი მარჯვენა სახეში ლოყისა და ყურის არეში.
მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნებოდა სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, რა დროსაც ქურთუკი არ დაზიანებულა".- აცხადებ ჩვენებაში დგებუაძე.

სწორედ ლოყის და ყურის სიწითლის შესახებ იდენტურად საუბრობენ სხვა მოწმე პოლიციელებიც, რომელთა ჩვენებები "პირველებმა" მოიპოვეს. 

სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე ეუქრება რეჟიმი დაპატიმრებულ ჟურნალისტს მრავალწლიანი პატიმრობით. 

ასევე დადგენილია იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ "გაუწითლდა ლოყა და ყური" ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, როდესაც მზია ამაღლობელმა "სილა გააწნა". 

იურისტების და დაკავებული ჟურნალისტის კოლეგების თქმით, ჩვენების კოპირება აჩენს ეჭვს, რომ სინდიდის პატიმრის წინააღმდეგ საქმის შესაკერად წინასწარ მომზადებული ტექსტი დააკოპირეს.

  • შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.