"ბრძოლას გავაგრძელებთ" - თემურ ჯანაშიას პირველი კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის მიერ ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი პირველ კომენტარს აკეთებს.
თემურ ჯანაშია, რომელიც წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ შეეცდება, საკუთარი სიმართლე სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცოს.
მე საბოლოო სიტყვის დროს ვთქვი, რომ სახელმწიფოს მძლავრ მანქანას შევეჩეხე და ასევე ვთქვი, რომ ამას შეეჩეხებოდა სასამართლოც. კარგია, რომ კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა, მაგრამ ჩვენ დაველოდებით, რას გვეტყვის სასამართლო წერილობით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ საქმეში ჩემი დანაშაული არ იკვეთება. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ეს სააპელაციო სასამართლოში.
მე ვთვლი, რომ თავის დაცვის რაღაც ასეთი სტრატეგია მოიგონეს. არც მე და არც რიგით პროკურორს, რომელიც დღეს საუბრობს, ჩვენ ვერცერთი ვერ შევაფასებდით. პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო კანონიერი თუ უკანონო, ამას აქვს თავისი პროცედურები და შესაბამისად, ამაზე დღეს მსჯელობა 12 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა კანონი რომ გამოსცა, ის კანონიერი იყო თუ უკანონო, ამაზე მსჯელობა არ მიმაჩნია ნორმალურად". - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.