ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, ჯერ არ ვიცით, რა სახის დაზიანებაა - პირველი ინტერვიუ კიტეიშვილთან
ოთარ კიტეიშვილმა ჯერ არ იცის, თუ რა სახის დაზიანება აქვს და რამდენი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ნაკრებს შეუერთდეს.
კიტეიშვილი "პირველებთან" ყვება, თუ როგორი რთული იყო მისთვის, არ ეთამაშა ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩზე ტრავმის გამო.
ნახევარმცველმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს ასეთი დახვედრისა და ქომაგობისთვის.
ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მითუმეტეს ამდენ ხალხს რომ უყურებ დილაუთენია როგორ გამოდის ჩვენს დასახვედრად. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოს ჩვენს დასახვედრად და ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა მიმეღო თამაშზე, თუმცა რომ ვერ ვახერხებდი, ეს ცოტა რთული იყო, მაგრამ პორტუგალიასთან თამაშში მოვახერხე მონაწილეობის მიღება და გავიმარჯვეთ.
თამაშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება რეაბილიტაციისთვის. გავივლი რეაბილიტაციას და შემდეგ გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით, რა სახის დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ. რა თქმა უნდა, იმ ბავშვებს, ვინც ოცნებობს და გვიყურებს, ვეტყვი, რომ გააგრძელონ ოცნება და აუცილებლად მიაღწევენ იმ მიზანს, რომელიც აქვთ.
ის, რაც ჩვენზე იწერება, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა და ასეთი დაფასება ხალხისგან და ასეთი სიყვარული არის ძალიან დიდი რამ, ბედნიერები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილები ვართ ჩვენ ყველანი", - თქვა კიტეიშვილმა.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
ასევე ნახეთ:
- გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" (ვიდეო)
- რას გეგმავს მამარდა? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს "რკინის გუმბათთან"
- საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე მიხეილ მესხის სტადიონზეა - "პირველების" ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)
- პირველი ინტერვიუ ზურიკო დავითაშვილთან
- "შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან