არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულ მთავრობას არ აქვს უფლება, რუსეთისკენ მიგვატრიალოს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის მოედანზეა

09.05.25 21:18
არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულ მთავრობას არ აქვს უფლება, რუსეთისკენ მიგვატრიალოს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის მოედანზეა

 

 

ევროპის მოედანზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მივიდა - სალომე ზურაბიშვილმა "პირველებთან" დღევანდელი მასშტაბური პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემს. 

"არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულ მთავრობას არ აქვს უფლება, რუსეთისკენ მიგვატრიალოს" - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ამ წუთებში ევროპის დღის აღსანიშნავად მშვიდობიანი დემონსტრანტების გვერდით დგას. 

დღევანდელმა დღემ აჩვენა ის, რაც კარგად ვიცით. საქართველო არის ევროპული, ევროპისკენ მიმართული და არავის მისცემს საშუალება, რომ წაართვას ევროპა ამ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მიღწევა. არავის აქვს უფლება, რომ არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულმა მთავრობამ რუსეთისკენ მიგვატრიალოს. ეს ყველა ქართველისთვის მიუღებელია." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამ წუთებში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დგანან. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.