რას ამბობს ჯოხაძის ადვოკატი ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ფარცხალაძის დასახელების შემდეგ
თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - [გელაძის უწყებამ ჯოხაძე დღეს იმ დაჯგუფების წევრად გამოაცხადა, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.]
გიორგი ჯოხაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული, ქვეყანაში არ იმყოფება. მისი ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ იმ საქმის მასალებში, რომელიც გამოძიების ფარგლებში მას, როგორც ჯოხაძის ადვოკატს თავის დროზე გადასცეს, ოთარ ფარცხალაძეზე საუბარი საერთოდ არ არის:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც ბოლოს გადმოგვეცა და გამოძიება დასრულდა, კონკრეტულად ბატონ ოთარ ფარცხალაძეს მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი საქმეში და არც გადმოცემული არ გვაქვ დაცვის მხარეს. შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილი იყოს და აქიდან გამომდინარე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში რა არის ბატონ ფარცხალაძის მიმართ ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძის ნაწილს, გიორგი ჯოხაძის ნაწილში ბრალდება რა თქმა უნდა არ შეცვლილა, იმიტომ რომ უკვე არსებით განხილვის სხდომაზე ვიმყოფებით. თუ რატომ მოხდა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა, ჩემთვის უცნობია, მეც ბრიფინგით გავიგე"- თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ , 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - მკვლელობის ორგანიზებაში ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის მთავარი მოწმე კოკა მორგოშია ადანასაულებს.