საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - ოპოზიცია მდინარაძის გადაადგილებას ივანიშვილის უნდობლობით ხსნის

31.07.26 11:33
საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" - ოპოზიცია მდინარაძის გადაადგილებას ივანიშვილის უნდობლობით ხსნის

სამთავრობო საკადრო ცვლილებებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უნდობლობის, შიდა დაპირისპირებისა და ძალაუფლების გადანაწილების ნიშნად აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მამუკა მდინარაძის ძალოვანი ბლოკიდან ჩამოშორება შემთხვევითი არ არის და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები შესაძლოა, ახალი საკადრო გადაადგილებებითა და შიდა დაპირისპირების გაღრმავებით გაგრძელდეს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ქაოსის რეჟიმში მართავს და პოლიტიკური გადაადგილებები მომავალშიც გაგრძელდება. 

უნდობლობაც იქნება, კორუფციაც იქნება, ჩამოქვეითებაც იქნება და სანაგვეზე მოსროლაც  როგორც გაუკეთეს ეს კულტურის მინისტრს, მდინარაძეს თუ სხვა ათასს და მრავალს. ეს ქაოსი გაგრძელდება, იმიტომ, რომ ისინი ანგრევენ ქვეყანას და ივანიშვილის ხუშტურებს ემსახურებიან და როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ასევე მოისვრიან მათაც სანაგვეზე. ხელისუფლების მართის პროცესში ივანიშვილი დგას ქაოსზე და ეს ქაოსი გაგრძელდება აუცილებლად, მათ შორის გამოხატული იქნება სხვადასხვა საკადრო ცვლილებებში და პოლიტიკური სანაგვე ივანიშვილის მხრიდან შეივსება სხვა პოლიტიკური ლიდერებით, მინისტრებით და სახელებით.

ივანიშვილის შიშები არის ის, რომ არავის ჰქონდეს ტოტალური ძალაუფლება, განსაკუთრებულად ძალოვან უწყებებზე და ეს შეიძლება, იყოს მიზეზი იმის, რატომ მოისროლა პოლიტიკურ სანაგვეზე მამუკა მდინარაძე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის ჩამოშორება მის მიმართ დიდი ხნის უნდობლობას უკავშირდება. გვარამია  არ გამორიცხავს, მმართველ გუნდში ამ ფაქტს ახალი დაკავებებიც მოჰყვეს. 

ეს იყო ლოგიკური დასასრული მდინარაძესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, გამოიშიგნა მისი დანიშნული კადრები, ბევრი წავიდა, კარუსელი დატრიალდა, მოადგილეები შეიცვალა და ძირითადად, ეს იყოს პირადი კადრები, ე.წ. "ლიჩნიკები" ბიძინა ივანიშვილის. ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს, მანიშნებელია, რომ უნდობლობაა კონკრეტულად დამნიშნავის მიმართ, ანუ მდინარაძის და ამ შემთხვევაში, კობახიძის მიმართაც და საკუთარი კადრებით ამაგრებს. ის თვლის, რომ რთული ვითარებაა და პერსონალურად მას შეიძლება, ემუქრებოდეს რაიმე ტიპის საფრთხე. როგორც წესი, ეს უკავშირდება საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მაშინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არც მდინარაძეა შემთხვევითი მსხვერპლი მისი გადაწყვეტილებების. მდინარაძის მიმართ უნდობლობა დიდი ხანია არსებობს, ეს ჩანს, არ ვმკითხაობ და ახლა, საბოლოოდ, რა გახდა საბაბი, ამას ვნახავთ. ეჭვი მაქვს, რომ დაჭერები გველოდება, ოღონდ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ცუდებმა დაიჭირეს ცუდებს შორის სუსტები. საბოლოო ჯამში, ეს ყოველთვის მთავრდება ბოლომდე გაშვებით და არა მხოლოდ სახლში გაშვებით, - ამბობს ნიკა გვარამია. 

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი ფიქრობს, რომ საკადრო ცვლილებების პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს, რადგან, მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა. 

ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხული არ არის, უფრო მეტიც - სავსებით შესაძლებელია. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, არ არის კმაყოფილი მისი გადმოსახედიდან რაც ხდება ამ სტრუქტურებში და ამ ინსტიტუტებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რომ ის მოძრაობა, რომელიც დაიწყო და ამას დიდი მნიშვნელობა არც ჩემთვის და არც საქართველოს მოქალაქეებისთვის არ აქვს, შესაძლებელია, გაგრძელდეს ან უფრო მძიმედ დამთავრდეს როგორც ეს დამთავრდა ლილუაშვილისთვის. ფაქტია, სასაცილოა, ჩემთვის, მაგალითად, მდინარაძის თანამდებობებზე "ტარება"  და კობახიძის დამსაქმებელ ბიუროდ გადაკეთება მდინარაძისთვის, ეს არის აბსურდის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;

"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა. 

ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები