"დაიბარონ გამოკითხვაზე ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე" - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პროკურატურაში, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე დასაკითხად ბიძინა ივანიშვილის, მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის დაბარებას ითხოვს.
მისი თქმით, ის გამოკითხვაზე სასამართლოში მივა, რადგან "ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სიბინძურეშია გახვეული "ქართული ოცნება".
დაიბარონ გამოკითხვაზე ივანიშვილი, დაიბარონ გამოკითხვაზე კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფულის გულისთვის ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს.
რაც შეეხება ამ გამოკითხვას, თუ დაკითხვას, ამ წამს დარეკეს, მე ვუთხარი გასაგებად, რომ მივალ სასამართლოში იმიტომ, რომ ჩემთვისაც ძალიან ირონიულია, მაგრამ უპირველესყოვლისა, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სიბინძურეშია გახვეული "ქართული ოცნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე:
- ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი პროკურატურაში დაბარებაზე
- ნანუკა ჟორჟოლიანი ეჭვობს, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ამბის მიღმა "გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება"
- თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის გამოკითხვაზე დაბარებას ოპონენტების დაშინებას უკავშირებს
- ხუხაშვილი ღარიბაშვილს: დაასახელე ფაქტები
- "უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა ღარიბაშვილს" - ირმა ინაშვილი
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.