„პრახადნოი დვორად“ არის ქცეული ქვეყანა - რა საფრთხეების წინაშე დგება ქვეყანა რუსი სპეცაგენტების უკონტროლო შემოსვლით
რას აკეთებს სუსი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და როგორ შემოვიდა ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების ყველაზე საშიში დანაყოფის სპეცაგენტი? - ლილუაშვილის უწყება ისევ დუმილის რეჟიშია.
უსაფრთხოების ექსპერტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ არამხოლოდ ამერიკელი დიპლომატები, არამედ ამ ქვეყანაში ყველა დაუცველია, რადგან ლილუაშვილის უწყების საქმიანობა ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალი და მიყურადებაა.
ცივი ომისდროინდელი ტექნიკაა, რასაც „ჰავანის სინდრომს“ ეძახიან, როცა იყენებენ სპეციფიურ იარაღს, რომ ტვინის შერყევები და დაავადებები გამოიწვიონ ადამიანებში და შემდეგ გამოიყვანონ ფუნქციონალური რეჟიმიდან.
თვითონ ის, რომ აქ რუსებმა გააკეთეს და ჩვენ ამის საშუალება მივეცით, ეს უკვე სკანდალია, ამ დონეზე მაინც უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ ამას საკმაოდ სპეციფიკური პირობები სჭირდებათ, ყოველდღიური მუშაობა.
მეორე, ვინ აკეთებდა - საკმაოდ ხმამაღალი ფაქტია, ვისი შვილია - მაგის პასპორტს რომ შეხედავდნენ საზღვარზე უკვე უნდა აეყვანათ სპეციალური დაკვირვების ქვეშ.
ამ ფაქტზე გამოძიებას რომ არ იწყებენ, არ მიკვირს იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აშკარად თანამშრომლობენ რუსებთან. ამაზე არანაირი ეჭვი არ არსებობს, თან თანამშრომლობენ ძალიან მაღალ დონეზე.რუსი დამკვირვებლებისგან და მაგათი აგრესიისგან და პროპაგანდისგან არა მარტო დაცულები არ ვართ, სახელმწიფო ამაში მონაწილეობს,“ - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
ექსპერტების შეფასებით, ეს უწყება არ აკონტროლებს, ვინ და რა მიზნით შემოდის ქვეყანაში და წლების განმავლობაში არცერთი აგენტი არ ჰყავთ იდენტიფიცირებული.
დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, რამდენი რუსი აგენტი გამოავლინეს - არცერთი. ბუნებრივია, არ მუშაობენ მათ წინააღმდეგ, არანაირი ეჭვი არ მეპარება, რომ თანამშრომლობენ და სასათბურე პირობებს უქმნიან აქ თავისი შავბნელი საქმიანობისთვის. რუსეთის სიტყვას ვიხმარ - „პრახადნოი დვორად“ არის ქცეული ქვეყანა და ვისაც უნდა შედის, გამოდის, ეს არის ტრაგედია.
საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ არათუ კონტროლის ქვეშ არ იყო და მივიდა და სიფრთხილეს იჩენდა, შეიძლება გააცილეს კიდევაც,“ - ამბობს კობა ნაროუშვილი.
მეორე დღეა, არც სუს-ს და არც "ოცნებას" პასუხი არ აქვს, როგორ შემოაღწია საქართველოში რუსეთის სპეცაგენტმა, რომლის თავდასხმის სამიზნე ამერიკელი დიპლომატების ოჯახები გახდნენ. სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მთელი მსოფილიო საუბრობს, თუმცა, ამ დრომდე ლილუაშვილის უწყება დუმილის რეჟიმშია.
ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.