საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
ომბუდსმენი ფაქტს საგანგაშოს ყუწოდებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, თითოეულ ძალადობრივ ფაქტს მკაცრი პასუხი გასცეს.
"საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.
სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება". - წერს სახალხო დამცველი.
ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.
თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.