განიხილავს თუ არა პარტნიორობას გახარიას გუნდი ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან? - რას ამბობს დაუშვილი
განიხილავს თუ არა პარტნიორობას გიორგი გახარიას გუნდი ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან - ამასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხს არ სცემს მიხეილ დაუშვილი.
"ვერაფერს ვერ დაგიდასტურებ, არც არაფერს არ უარვყოფ, მარტივი მიზეზის გამო, რომ სახელებზე და გვარებზე არ ვსაუბრობ," - პასუხობს დაუშვილი ჟურნალისტის კითხვას შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის პოზიცია უცვლელია, ისინი არ გეგმავენ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას, თუმცა აქვე ამბობს, რომ კონკრეტულ ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან აქვთ კომუნიკაცია და გადაწყვეტილებას ამომრჩეველი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგებს.
ჩვენ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ... ამის მიუხედავად, თავისთავად ცხადია, ჩვენი კარი ღია არის კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ სიახლეები გვექნება ცოტა მერე, არჩევნებისკენ უფრო ახლოს. ეს არის ჩვენი მიდგომა. ეს მიდგომა გვაქვს უკვე რამდენი ხანია და არაფერი შეცვლილა,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ.
ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და თვლის, რომ "ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ".
2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.
"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან".
არმაზ ახვლედიანი ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს, რომ "ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი"
ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ - "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“. გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.
"ლეიბორისტული პარტია" 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას არ გეგმავს. "პირველებთან" შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტია საარჩევნოდ ცალკე იასპარეზებს.
"მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ," - ამის შესახებ "პირველებთან" თამარ კორძაია საუბრობს და ამბობს, რომ რომელ პოლიტიკურ ცენტრთან იქნება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.