პრეზიდენტი: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და წერს, რომ ის დგას ქართული მედიის გვერდით.
პრეზიდენტის თქმით, მედიის წარმომადგენლებზე მაშინ განხორციელდა თავდასხმა, როდესაც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას არულებდნენ
#საქართველო აპროტესტებს: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“, - წერს პრეზიდენტი.
ნადირობა კრიტიკულ მედიაზე - საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის“ 5 თანამშრომელი - ჟურნალისტები და ოპერატორები დაშვდნენ.
ოპერატორი, ნიკო კოკაია დღეს ძალადობის მსხვერპლი მეორედ გახდა - მაშინ როცა ჩვენი ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა.
ის უკვე “ტვ პირველის“ მეოთხე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ამ წუთებში, მას სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.
რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა. "ტვ პირველის" თანამშრომელი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.
სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყირებელს დარბევის ადგილს.
"ტვ პირველი" მედიის წინააღმდეგ მოწყობილ სადამსჯელო ოპერაციაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომლაურს აკისრებს და ამბობს, რომ მედიაზე ანგარიშსწორების მიზანი სამაუწყებლო სიგნალის გათიშვაა.