"ოცნება" დასავლეთს კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - რა უპასუხეს PACE-ში მიქანაძის ნარატივს

29.01.25 21:07
"ოცნება" დასავლეთს კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - რა უპასუხეს PACE-ში მიქანაძის ნარატივს

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებში მონაწილეობას "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრებიც იღებენ - წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლის პარალელურად, სიტყვით გივი მიქანაძე და თეა წულუკიანიც წარდგნენ. 

ივანიშვილის რეჟიმის მსახურები ევროსაბჭოს რეზოლუციის პათოსს, რომლითაც PACE ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს, არ იზიარებენ.

მეტიც, გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუცია დამტკიცდება, ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვა იქნება.

დღეს ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ახალი არჩევნების მოთხოვნა ევროსაბჭოს ღირებულებებთან თავსებადი არ არის. ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის დარღვევა. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არ შემოდიან პარლამენტში, უარს ამბობს დაფინანსებაზე. არასამართლიანი იქნება დელეგაციისთვის ლეგიტიმაციის შეწყვეტა." - ამბობს გივი მიქანაძე. 

PACE-ში მიქანაძის ნარატივს ევროსაბჭოს ერთ-ერთი მომხსენებელი პასუხობს. ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს, რუსეთია. 

ერთადერთი, ვინც თქვენს სუვერენიტეტს არღვევს, არის რუსეთი. რაც გააკეთეს მათ წლების წინ, რაც გააკეთეს 2008 წელს, როცა ოკუპაცია მოახდინეს თქვენი ტერიტორიის. რუსეთი ცდილობს ჩაგიხუტოთ და გაქციოთ ბელარუსად.

რაც საქართველოში ხდება, მე ეს ნანახი მაქვს. ჩვენ გვყავდა პოლიტიკური პატიმრები, დაპატიმრებული ჟურნალისტები. მე ჟურნალისტი ვარ პროფესიით. 16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი, რომელსაც ემუქრება 7-წლიანი პატიმრობა პოლიციისთვის სილის გაწვნის გამო. ჩემი სოლიდარობა მას." - ამბობს ერთ-ერთი მომხსენებელი. 

ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები