ადეკვატური პასუხი დემოკრატიული, ახალი არჩევნებია - "ოცნებას" პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ვადა აპრილამდე მისცეს
ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი - ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ მძიმე რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. დებატები მწვავე გზავნილების ფონზე მიმდინარეობს, სადაც ევროპელი ლიდერები "ქართული ოცნების" პოლიტიკას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
ევროსაბჭოში ლატვიელმა მომხსენებელმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ ივანიშვილის რეჟიმს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა. როგორც მან განაცხადა, თუ მიმდინარე წლის აპრილამდე პოლიტპატიმრებს ციხის კარს არ გაუხსნიან, მაშინ PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
ძალიან სამწუხაროა მსჯელობა დემოკრატიული უკუსვლაზე ისეთ ქვეყანაში, რომელიც წინ მიიწევდა, თუმცა 6 თვის წინაც მე ვსაუბრობდი ისეთ პრობლემებზე, როგორიც ეხებოდა ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში. ეს აჩვენა 26 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა, ამის შემდგომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ, რამაც გამოიწვია მოქალაქეების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში.
ვნახეთ ბრუტალური ძალადობა, რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ღრმა სოციალური კრიზისი და გაწყვიტა კავშირი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის.
ადეკვატური პასუხი დემოკრატიული, ახალი არჩევნებია, მაგრამ არჩევნები იგივე პირობებში, არ ჩაითვლება დემოკრატიულ არჩევნებად და გაზრდის კრიზისს. უნდა ჩატარდეს ინკლუზიური პროცესი, საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს, უნდა გამოსწორდეს ხარვეზები უახლოეს თვეებში.
ცხადია, რომ პოლიციური ბრუტალური ძალადობის ფონზე შეუძლებელია სრულფასოვანი უფლებების დატოვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დროულად დაასრულონ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები აპრილის სესიამდე, კომიტეტი დედლაინს უწესებს.
თუ ეს პირობები არ შესრულდება, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება. ასამბლეას არ ექნება სხვა გზა, ქართული ოცნების დელეგაციას არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას. ჩვენ ვიმედოვნებთ და ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს", - ამბობს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
- "პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - ევროპელი პოლიტიკოსი
- "შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები" - ევროსაბჭოს ულტიმატუმი "ოცნებას"
- "ვუყურე მზია ამაღლობელს და ხუმრობას ჰგავს, რა ბრალითაც ის დაკავებულია" - ფრანკ შვაბე
- ადეკვატური პასუხი დემოკრატიული, ახალი არჩევნებია - "ოცნებას" პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ვადა აპრილამდე მისცეს
- ევროსაბჭოს წევრი "ქართული ოცნების" სანქცირებას ითხოვს
შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა.