" აღსდექ, იბრძოლე საქართველო" - გონჩარენკო

29.01.25 21:20
" აღსდექ, იბრძოლე საქართველო" - გონჩარენკო

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოში მიმდინარე დებატების პარალელურად, უკრაინელმა მომხსენებელმა, ოლექსი გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლის დროს ქართველ ხალხს მიმართა.

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ საქართველო, იბრძოლე საქართველო! ახლა არის მომენტი" - უთხრა გონჩარენკო თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ერს. 

რა ხდება ახლა? დემოკრატიაა თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრორუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა.

ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების” რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ ისინი…

მინდა ქართველ ხალხს მივმართო - ქართველებო, ივანიშვილის რეჟიმი, მისი დაჯგუფება და თავად ის გატყუებენ! ისინი გეუბნებიან, რომ ევროპაში მიჰყავხართ, ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ ნახეთ, ევროპა აქ არის, ყველამ თქვა, რომ საქართველოში რაც ხდება მიუღებელია. ეს ევროპა არ არის, ეს დემოკრატი არ არის, ეს კანონის უზენაესობა არ არის. ისინი გეუბნებიან, თითქოს საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს ტყუილია! არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს. გვინდა მშვიდობიანი, კეთილდღიანი და ლამაზი საქართველოს დანახვა, როგორებიც უნდა იყოთ. ეს [ივანიშვილის] მორიგი ტყუილია.

თუმცა, თუ რუსები მოვლენ? რატომ არ არის რუსეთის ტანკები დღეს თბილისში? ვინაიდან ისინი უკრაინაში არიან და წასვლა არ შეუძლიათ, საკმარისი ძალები არ აქვთ, რომ საქართველოს თავს დაესხან დღეს, თუმცა თუ ჰიბრიდული ოკუპაციით ისინი საქართველოს დაიპყრობენ, მაშინ ისინი შვილებს წაგართმევენ, როგორც ეს უქნეს ავღანეთს, და თავს დაესხმებიან ბალტიის ქვეყნებს, სხვა ქვეყნებს, და ეს იცით. არ მისცეთ საშუალება, რომ ეს მოხდეს!

ეს კრიტიკული მომენტია, დემოკრატია და თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა საქართველოში და მსურს ქართველ ხალხს მივმართო: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ საქართველო, იბრძოლე საქართველო! ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს,” - განაცხადა გონჩრენკომ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობენ. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები