რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

09.05.25 22:38
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

ევროპის მოედნიდან დაძრული მარში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა - უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. 

მშვიდობიანი დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. 

ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სინდისის პატიმრებმა - ვეფხია კასრაძემ და ირაკლი ქერაშვილმა მიმართვა ჩაწერეს, რომელიც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა ევროპის მოედანზე გააჟღერეს.