ყველაფერი იყო გააზრებული და დაგვირგვინდა გორგასლის ქანდაკებაზე გორგასლიანი დროშის აღმართვით - ბუღაძე გუშინდელ აქციაზე

10.05.25 15:13
ყველაფერი იყო გააზრებული და დაგვირგვინდა გორგასლის ქანდაკებაზე გორგასლიანი დროშის აღმართვით - ბუღაძე გუშინდელ აქციაზე

მხატვარი გია ბუღაძე გუშინ, 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მარშზე იმყოფებდა. მისი თქმით, გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციამ საზოგადოების ერთობა აჩვენა. 

როგორც ბუღაძე "პირველებთან" ამბობს, გორგასლის ძეგლიდან სიმბოლურად გადმოფენილმა საქართველოს დროშამ დიდი  და სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა.

მივიღეთ ძალიან სერიოზული, ჰარმონიული, სისტემური ქმედება, რომლის შედეგიც გუშინ ეს არაჩვეულებრივი აქცია იყო. მართლაც, როგორ იყო გააზრებული ყველაფერი და დაგვირგვინდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცით, გორგასლის ქანდაკებაზე გორგასლიანი დროშის აღმართით. ამ დროშას ჩვენ ხომ ვიცნობთ როგორც გორგასლიანს. თითქოს თავის თავს, თავის მამას, თავის საწყის უბრუნდება. ეს სიმბოლური აქტია და მნიშვნელოვანია", - ამბობს გია ბუღაძე.

ცნობისთვის, 9 მაისს, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სინდისის პატიმრებმა - ვეფხია კასრაძემ და ირაკლი ქერაშვილმა მიმართვა ჩაწერეს, რომელიც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა ევროპის მოედანზე გააჟღერეს.