ნადირობა კრიტიკულ მედიაზე - “ტვ პირველის“ ოპერატორ, ნიკო კოკაიას სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ დასჭირდა

29.11.24 03:48
ნადირობა კრიტიკულ მედიაზე - “ტვ პირველის“  ოპერატორ, ნიკო კოკაიას სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ დასჭირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“  ოპერატორს, ნიკო კოკაიას სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ დასჭირდა. 

ამ წუთებში მას სამედიცინო დახმარება უტარდება - დაშავებულს უჭირს სუნთქვა და ვეღარ გადაადგილდება. 

ნიკო კოკაია დღეს ძალადობის მსხვერპლი მეორედ გახდა - მაშინ როცა ჩვენი ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა. 

"ტვ პირველი" მედიის წინააღმდეგ მოწყობილ სადამსჯელო ოპერაციაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომლაურს აკისრებს და ამბობს, რომ მედიაზე ანგარიშსწორების მიზანი სამაუწყებლო სიგნალის გათიშვაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა. 

ის უკვე “ტვ პირველის“ მეოთხე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ამ წუთებში, მას სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.

რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა. "ტვ პირველის" თანამშრომელი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.

სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყირებელს დარბევის ადგილს.