მზია ამაღლობელის საქმეში მხარე არის აჭარის პოლიცია - მაია მწარიაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

13.02.25 15:29
მზია ამაღლობელის საქმეში მხარე არის აჭარის პოლიცია - მაია მწარიაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

მზია ამაღლობელის საქმეში მხარე არის აჭარის პოლიცია - ამის შესახებ "პირველებთან" დაკავებული ჟურნალისტის უფლებადამცველმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მწარიაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს, რადგან მისი თქმით, საქმეში გამომძებლებიც, მოწმეებიც, დაზარალებულიც, ბრალმდებელიც აჭარის პოლიციის წევრები არიან. 

ყველა თვითონ არიან მზიას გარდა ამ საქმეში, ყოველდღიურ ყოფით კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან, წასვლაც არ სჭირდებათ არსად, თვითონ მღერიან, თვითონ ცეკვავენ - ამბობს მწარიაშვილი.

აი ლოყა გაიწითლდა და ლოყა რომ გაუწითლდა ვინ უნდა დაუდასტუროს, თუ არა თავისივე პოლიციელმა. მე არ ვიცი, რა გარემოებაში უთვალიერებდნენ ახლა ამ ლოყას, სად - შიგნით, გარეთ, რა ხანგრძლივობით, როგორ გაუწითლდა, ამაზე აქ საუბარი არ არის, მაგრამ ტექსტი არის ერთი და იგივე, რომ გაუწითლდა ლოყა - ყურის არე, აი რომელი არე, ამას პროცესზე მოვახაზინებ. იქ დავსვამ ამ კითხვებს. იმხელ ინტერესთა კონფლიქტია ამ საქმეში, არ სჭირდება ამას მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ანუ, ამ საქმეში მხარე არის აჭარის პოლიცია - ანუ დაზარალებული არის აჭარის პოლიციის უფროსი და მზიას უკანონო დაკავების უკანონო შემსრულებელი არის თვითონ აჭარის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბესელია, მთავარი მოწმე ბრალდების არის თვითონ საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, მისი გამომძიებელი იძიებს საქმეს, ის ხელმძღვანელობს გამოძიებას და თან თვითონ არის მოწმე. ანუ, ყველა თვითონ არიან მზიას გარდა ამ საქმეში. გარდა იმისა, რომ ისინი ახლა ერთ შენობაში ზიან, გვერდიგვერდ ოთახები აქვთ და ყოველდღიურ ყოფით კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან, წასვლაც არ სჭირდებათ არსად, თვითონ მღერიან, თვითონ ცეკვავენ და ყველაფერი მათ ხელშია", - ამბობს მაია მწარიაშვილი. 

"პირველებმა" ირაკლი დგებუაძის ჩვენება მოიპოვა - აჭარის პოლიციის უფროსი, თავისივე უწყების თანამშომლებს ჩვენებაში ეუბნება, რომ ქალის მიერ სილის გაწვნის გამო გაუწითლდა ყური და ლოყა და განიცადა ტკივილი . 

სწორედ ლოყის და ყურის სიწითლის შესახებ იდენტურად საუბრობენ სხვა მოწმე პოლიციელებიც, რომელთა ჩვენებები "პირველებმა" მოიპოვეს. 

ასევე დადგენილია იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ "გაუწითლდა ლოყა და ყური" ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, როდესაც მზია ამაღლობელმა "სილა გააწნა". 

იურისტების და დაკავებული ჟურნალისტის კოლეგების თქმით, ჩვენების კოპირება აჩენს ეჭვს, რომ სინდიდის პატიმრის წინააღმდეგ საქმის შესაკერად წინასწარ მომზადებული ტექსტი დააკოპირეს.

  • შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.