ოპოზიცია ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე ოპოზიციონერების გამოკითხვას "ოცნების" შიშს უკავშირებს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე პოლიტიკოსების გამოსაკითხად დაბარება თემის გადაფარვის მცდელობაა.
მათი თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებსაც ეჭვები უჩნდებათ გარკვეულ საკითხებზე და კითხვებს ღიად სვამენ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ "უბადრუკი მცდელობაა", პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში.
ეს არის დამფრთხალი, კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში. წარმოუდგენელია, მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს კომპეტენცია, არ აქვს პოლიტიკური ნება, გამოიძიოს რეალური ბრალდებები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამ დროს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო იბარებს პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა.
თუ ამის გარდა არაფერი არ გაქვთ საკეთებელი, მაშინ, როცა თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს გადებთ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებაში და ბრალს გდებთ, რომ ჩადენილი გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. ეს უნდა გაარკვიოთ თქვენივე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი," - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს, უნდა კონკრეტულ თემაზე დისკუსია და განხილვები სხვა მიმართულებით წავიდეს.
უნდათ, რომ გაბლარონ თემა, დისკუსია და განხილვები წავიდეს სხვა მიმართულებით, სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას, ირმა ინაშვილის, თუ სხვების დაბარების საფუძველს და აზრს ვერ ვხედავ. უნდათ რომ დაამკვიდრონ შიში, რომ ადამიანებმა საბოლოო ჯამში არ დააფიქსირონ მსგავს, ბუნდოვან თვითმკვლელობებზე, თუ მკვლელობებზე პოზიცია," - თქვა თენგო თევზაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა აღნიშნავს, რომ "სიყალბე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა წამოიწყო" მიზნად ისახავს ერთ რამეს - "როგორმე ამ ბრალდებებისგან თავი აარიდონ კობახიძემ და მდინარაძემ".
ივანიშვილის რეჟიმის გამოძიება, ეს სიყალბე, რომელიც ახლა წამოიწყეს და ფარისევლობა, ემსახურება ერთ მიზანს - როგორმე ამ ბრალდებებისგან თავი აარიდონ კობახიძემ და მდინარაძემ. სინამდვილეში, ამ ყველაფრის სათავეში, მთავარი დირიჟორი არის ივანიშვილი, ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმი არის მთავარი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის," - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, "ოცნება" დღის წესრიგს ვეღარ ქმნის და "მათი ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენებიღა" დარჩა.
საბოლოო ჯამში, ეს ისევ სანახაობის ნაწილი მგონია და არ მგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, რადგან სხვა დღის წესრიგს უკვე ვეღარ ქმნის "ოცნება", ერთადერთი დარჩა მათი ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენები და ეს ქართველ ხალხს ძალიან ნათლად და კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამავე თემაზე:
- ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი პროკურატურაში დაბარებაზე
- ნანუკა ჟორჟოლიანი ეჭვობს, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ამბის მიღმა "გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება"
- თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის გამოკითხვაზე დაბარებას ოპონენტების დაშინებას უკავშირებს
- ხუხაშვილი ღარიბაშვილს: დაასახელე ფაქტები
- "უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც "ასავალ-დასავალი" შეუგზავნა ღარიბაშვილს" - ირმა ინაშვილი
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.