დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

13.05.24 11:18
დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან აქცია გრძელდება - მომიტინგეები არ იშლებიან.

იმის მიუხედავად, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე "ოცნების" დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს, მოქალაქეები პარლამენტთან რჩებიან და არ იშლებიან.

რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცებულია - კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი 1 წუთსა და 4 წამში დაუჭირა. სხდომა ისე დაიწყო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ დარბაზში.

"ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვეს, მათ სამართალდამცავების ალყაში მოქცეული შენობიდან სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს საკანონმდებლო ორგანო.

"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.