"კალანდარიშვილმა ქვეყნის ისტორიას შავი ლაქა დაასვა" - ჯაფარიძე

16.11.24 14:30
"კალანდარიშვილმა ქვეყნის ისტორიას შავი ლაქა დაასვა" - ჯაფარიძე

"დღეს კალანდარიშვილმა ტოტალურად გაყალბებული და მოპარული არჩევნები ოფიციალურად გააფორმა" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, არჩევნების შედეგების შეჯამებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის ისტორიას შავი ლაქა დაასვა. 

დღეს კალანდარიშვილმა ტოტალურად გაყალბებული, მიტაცებული, მოპარული არჩევნები ოფიციალურად გააფორმა. ცხადია, ხედავთ ხალხის მსვლელობას, პროტესტს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაემთხვიათ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება დღეს, როდესაც არ იქნებოდა ხალხი თბილისში. იცით, დღეს ფეხბურთის დღეა, ხალხი ბათუმშია. ყველაფერი გააკეთეს, რომ ვერ მომხდარიყო ხალხის მობილიზება, მაგრამ ხალხის ნაკადი არ ჩერდება, პროტესტი გაგრძელდება ყველგან, ყოველდღე.

დღეს, რაც დათო კირთაძემ გააკეთა, მადლობა მინდა მას გადავუხადო, მან რეალურად ასახა ქართველი ხახლის ნება და თქვა ხალხის სათქმელი ერთი მისი ქმედებით. დღეს კალანდარიშვილის სახეზე ვნახეთ ლაქა, რომელიც კალანდარიშვილმა ქვეყნის ისტორიას დაასვა, სწორედ შავი ლაქა დღევანდელი დღით. ჩვენ ვდგავართ დათოს გვერდით, მან საოცარი გმირობა ჩაიდინა და ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომელიც დღეს დააკავეს. ''ქართული ოცნება'' არის სასოწარკვეთაში, მათ იციან ეს პროტესტი გაიზრდება'', - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა.  დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. 

შავი საღებავის შესხმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

ასევე ნახეთ: