მაჯის საათი, ვადაგასული პასპორტი, ძველი კომპიუტერი, ფული - რა წაიღო პოლიციამ გიორგი ჩიკვაიძის სახლიდან

11.03.25 17:22
მაჯის საათი, ვადაგასული პასპორტი, ძველი კომპიუტერი, ფული -  რა წაიღო პოლიციამ გიორგი ჩიკვაიძის სახლიდან

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სახლში ჩხრეკა დასრულებულია - ფინანსური პოლიციამ საგურამო უკვე დატოვა.

დაკავებულის დედა, ეკა წერეთელი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა წაიღეს მაჯის საათი, ვადაგასული პასპორტი, ძველი კომპიუტერი და ის ფული წაიღეს, რომელიც ბიზნესმენმა ოჯახს პირადი მოხმარებისთვის დაუტოვა. 

უძველესი კომპიუტერი, რომელიც მიგდებული იყო სადღაც სკამზე, ის წაიღეს. წაიღეს გიორგის ვადაგასული პასპორტები, მთხოვეს სეიფის გახსნა, რომ არ გამეხსნა, სეიფსაც წაიღებდნენ. წაიღეს თანხა, რომელიც გიორგიმ ოჯახს დაგვიტოვა, ამ თანხით უნდა ვიცხოვროთ, რადგან მან კარგად იცოდა, რომ  ციხეში უშვებდნენ"- აცხადებს ეკა წერეთელი.

ფინანსური პოლიციის ასობით თანამშრომელი და სპეცრაზმი გიორგი ჩიკვაიძის სახლში სასამართლო პროცესის პარალელურად შევიდა.

საგამოძიებო მოქმედებების  ეპიცენტრი იყო საქალაქო სასამართლოც, სადაც  რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია ჩხრეკას ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის ავტომობილში ატარებდა.  ირაკლი პაპიაშვილის მანქანიდან პოლიციამ  ორი მობილური და მისი თქმით, ადვოკატისთვის გადასაცემის ჰონორარი ამოიღო.

ჩხრეკა ჩატარდა პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დღეს დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები