გიორგი ჩიკვაიძის დედა: გმირი გამიზრდია, რომლისაც ასე ეშინია ბორია ივანიშვილს
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეა - როგორც ეკა წერეთელმა "ტვ პირველს" განუცხადა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მისი შვილის ყველაზე მეტად ეშინია.
მე დღეს ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გმირი გამიზრდია, რომლისაც ასე ეშინია ბორია ივანიშვილს. კაცი დააკავეს და მის სახლში არმია შემოვარდა"- აცხადებს წერეთელი.
რაც შეეხება საგურამოში ჩატარებულ ჩხრეკას, გიორგი ჩიკვაიძის დედის თქმით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ძველი ლეპტოპი, ჩიკვაიძის მაჯის საათი, ძველი კომპიუტერი და ის ფული წაიღეს, რომელიც ბიზნესმენმა ოჯახს დაუტოვა.
უძველესი კომპიუტერი, რომელიც მიგდებული იყო სადღაც სკამზე, ის წაიღეს. წაიღეს გიორგის ვადაგასული პასპორტები, მთხოვეს სეიფის გახსნა, რომ არ გამეხსნა, სეიფსაც წაიღებდნენ. წაიღეს თანხა, რომელიც გიორგიმ ოჯახს დაგვიტოვა, ამ თანხით უნდა ვიცხოვროთ, რადგან მან კარგად იცოდა, რომ ციხეში უშვებდნენ"- აღნიშნავს ეკა წერეთელი.
ფინანსური პოლიციის ასობით თანამშრომელი და სპეცრაზმი გიორგი ჩიკვაიძის სახლში სასამართლო პროცესის პარალელურად შევიდა.
საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი იყო საქალაქო სასამართლოც, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია ჩხრეკას ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის ავტომობილში ატარებდა. ირაკლი პაპიაშვილის მანქანიდან პოლიციამ ორი მობილური და მისი თქმით, ადვოკატისთვის გადასაცემის ჰონორარი ამოიღო.
ჩხრეკა ჩატარდა პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.
გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დღეს დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.