ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ - ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარება დასჭირდა
ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა - მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს ენმ-ს ლიდერი, სოფო ჯაფარიძე და ლალი ჯანაშია.
სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გაუშვეს.

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ. ასევე, შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.
მანამდე სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიის მოქალაქეებისგან გაწმენდა დაიწყეს. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.
"მონებო" - ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.
კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ - "მონებო".
"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.
ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:
- პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
- სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.
რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.
პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.
ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს.